საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსiს, „სტარტაპების თანადაფინანსების გრანტები “ მეორე ეტაპს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ 150 აპლიკანტს, რომელიც შეირჩა ბიზნეს იდეების შეფასების ეტაპზე.
თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.
საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის, რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული. განაცხადის შემოტანა ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის, 90 პროცენტს და 150’000 ლარს. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი, სხვა, სასურველია - კერძო სექტორის, წყაროებიდან. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარმოდგენა.
თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო და სხვა საჭირო დოკუმენტები ამავე გვერდზეა განთავსებული.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 7 აპრილი.