„ქოუჩინგი“ - ერთკვირიანი ტრენინგი 100 000-ლარიანი გრანტების ფინალისტებისთვის

7 აგვისტო 2019

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების 100 000-ლარიანი საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიღებული განაცხადები ამჟამად შეფასების ფაზაშია. 16 აგვისტოს დასრულდება შეფასების პროცესი და აპლიკანტები, რომელთაც გადალახეს კონკურსის პირველი ორი ეტაპი, გაივლიან სწავლებას, ე. წ. „ქოუჩინგს“, რომელსაც სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული საერთაშორისო ტრენერები გაუძღვებიან. საერთაშორისო, მაღალი რანგის ტრენერები ალფრედო კოპოლა, ქრისტოფერ ბერი, პედრო სანტოს ვიეირა, გაილ ქრისტინე განნონი და ტომას ნასტასი მოამზადებენ მონაწილეებს ფინალური ეტაპისთვის და დაეხმარებიან მათ უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი პროექტები საერთაშორისო ჟიურის წინაშე. აღნიშნული ტრენინგი კომპანიებს დაეხმარება არა მხოლოდ პრეზენტაციის მომზადებაში, არამედ - ბიზნეს-პროექტის გაანალიზებასა და შემდგომ განვითარებაში იმისდა მიუხედავად, დაფინანსდება თუ არა ესა თუ ის პროექტი.

„ბიზნეს-ქოუჩინგი“ არის კიდევ ერთი დამატებითი და უნიკალური შესაძლებლობა, რომლის მეშვეობით ქართველ სტარტაპებს საშუალება ეძლევათ პირველი პირისგან უშუალოდ მიიღონ რჩევები, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებასა და ბიზნეს-ანალოგებს.