5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამა

29 დეკემბერი 2017

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამა არის თემატური დაფინანსების მექანიზმი, რომლის მიზანია სტარტაპების შექმნის და განვითარების სტიმულაცია. ღია კონკურსის გზით და დადგენილი კრიტერიუმებით შერჩეული აპლიკანტები დაფინანსდებიან 3 მიმართულებით.

პროტოტიპის გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპის შექმნის, მისი გამოცდის, დახვეწის ან/და გაუმჯობესების მიზნით, რასაც შედეგად მოჰყვება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ან არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება და მისი ადგილობრივ ან/და გლობალურ ბაზარზე გატანა.

 

პროტოტიპირების მიმართულებით მცირე გრანტის საგრანტო პროექტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ინოვაციურობა;

ბ) პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი;

გ) პროტოტიპის გამართული გეგმა/ნახაზი;

დ) საგრანტო პროექტის გამართული სამოქმედო გეგმა;

ე) საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება;

ვ) საგრანტო პროექტის განმახორციელებელი ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია.

 

ღონისძიების ორგანიზებისთვის გრანტი გაიცემა საქართველოში ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის, ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიების ჩატარების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელის თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. ასევე, ფინანსდება პროექტები ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი სახის სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით;

 

ღონისძიების ორგანიზებისთვის მცირე გრანტის საპროექტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარება;

ბ) ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების სფეროში ადგილობრივი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა;

გ) მედია დაფარვის პოტენციალი;

დ) გამართული სამოქმედო გეგმა;

ე) ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;

ვ) საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება.

 

სამგზავრო გრანტი გაიცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით,  რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას.

 

სამგზავრო მიმართულებით მცირე გრანტის საპროექტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტი;

ბ)ღონისძიების მასშტაბურობა და მნიშვნელოვნობა;

გ) ღონისძიების შედეგად მიღებული პოტენციური სარგებელი;

დ) სტარტაპის წარმატების პერსპექტივა;

ე) ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;

ვ) საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება.

 

დაფინანსების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და რეზიდენტ პირებს (იხ., ,,გრანტების შესახებ" საქართველოს კანონი).

 

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო პროექტებს ინოვაციების სააგენტოს კვალიფიციური ანალიტიკოსები და მოწვეული ექსპერტები განიხილავენ.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საპროექტო განაცხადების დაფინანსების შესახებ და შედეგების შესახებ აცნობებს განმცხადებელს.

მცირე გრანტების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დარეკოთ სააგენტოში ნომერზე: + (995 32) 2 00 44 82.