100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეების მზადება ფინალური ეტაპისთვის

18 თებერვალი 2020

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო. 15-დან 20 თებერვლის ჩათვლით კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები მოამზადებენ:


ქრისტოფერ ბერი - მეწარმე, ტექნოლოგიების ლიდერი, ინვესტორი და სპიკერი, აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center USMAC) აღმასრულებელი დირექტორი, არის აქტიური ენჯელ ინვესტორი, 2005 წლიდან - მეწარმეების ტრენერი და მენტორი. მისი გამოცდილება მოიცავს სამეწარმეო არქიტექტურას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურულ ტექნოლოგიებს, საოპერაციო სისტემებს, მეთოდოლოგიებსა და IT სფეროს. ქრისტოფერ ბერის დაფუძნებული აქვს მრავალი კომპანია პროგრამირებისა და სერვისების სფეროში.

ალფრედო კოპოლა - აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center) ერთ-ერთი დირექტორი. მან საფუძველი დაუდო სილიკონ ველის აქსელერატორის პროგრამას „Go Global”. ფლობს ბიზნესის განვითარებისა და მენეჯმენტის კონსულტანტის 20 წელზე მეტხნიან გამოცდილებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში. კარიერის განმავლობაში კონსულტაცია გაწეული აქვს 150-ზე მეტი ადრეული ასაკის ტექნოლოგიური კომპანიისთვის

გეილ ქრისტინ გენონი - Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-ს დამფუძნებელი. აქვს მენტორინგისა და დამწყები მეწარმეების მენტორობის 15-წლიანი გამოცდილება; ეხმარება კომპანიებს, აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი, მოიპოვონ გრანტები და დაარწმუნონ ინვესტორები. გეილ ქრისტინ გენონი ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს - T.H. Chan School of Public Health; რეგულარულად მონაწილეობს ბიოტექნოლოგიებისა და ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და საინვესტიციო ფორუმებში.

სტივ ადელმანი - სილიკონ ველის Nexus Partners LLC-ს მმართველი დირექტორი. სტივ ადელმანი არის უმაღლესი რანგის სტრატეგიის კონსულტანტი მარკეტინგის, ბიზნესის განვითარების, ორგანიზაციული დაგეგმარების, პარტნიორობისა და ვენჩურული კაპიტალის მართვის სფეროში 25 წლიანი გამოცდილებით. არის სილიკონ ველის Wharton Alumni Angels-ის დამფუძნებელი პარტნიორი და ხელმძღვანელი. მისი აკადემიური კვალიფიკაცია მოიცავს პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის სკოლის ხარისხს, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ოთხ კონტინენტზე.

ქრის ბრაუნი - ეკოსისტემის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტი, მუშაობდა ნიუ იორკში IBM-ის ქსელის გაფართოების მენეჯერად და DATA FUTURE LABS (NYU)-ის გენერალურ მენეჯერად. 2013 წელს უნგრეთში დააფუძნა კომპანია TRACTION TRIBE, რომელიც ადრეულ სტარტაპებს ეხმარებოდა განვითარებასა და გლობალურ ბაზარზე გასვლის გზების ძიებაში; აქვს მდიდარი გამოცდილება მენტორინგის მიმართულებით.

მოსამზადებელი ტრენინგების შემდეგ ფინალურ ეტაპზე თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეები საინვესტიციიო კომიტეტის წინაშე წარსდგებიან. გამარჯვებულები 2020 წლის 25 თებერვალს, საღამოს 7 საათზე გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 8 ნოემბერს მეოთხედ გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.