თბილისში მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა

30 ნოემბერი 2017

15-17 ნოემბერს თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი (DataFest Tbilisi 2017)  ჩატარდა. ფესტივალი პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამის სტამბულის ოფისის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თიბისი ბანკისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით ჩატარდა. მისი ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია „ფორსეტი“ და ციფრული კომუნიკაციების ქსელი.

ფესტივალზე თავი მოიყარა 400-მდე დამსწრემ, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, მონაცემთა ანალიტიკოსები, დეველოპერები, დიზაინერები და სხვა.

პირველ დღეს ტელეკომპანია CNN-დან, ევროპის წამყვანი ონლაინ მაღაზია Zalando-დან და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ონლაინ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის ისეთ თემებზე როგორებიცაა: ღია მონაცემები და მათი ეფექტური მართვა,  მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა კომუნიკაცია და ვიზუალიზაცია, მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული მარკეტინგი, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დაცულობა და სხვა.

ფესტივალის დასასრულს გაიმართა პროექტ Ministry of Data-ს ფინალისტების პრეზენტაციები სახელმწიფო ბიუჯეტის, ტურიზმისა და გენდერის თემებზე. Ministry of Data მონაცემთა საერთაშორისო ჰაკათონია, რომელშიც 5 ქვეყნიდან შერჩეული გუნდები მონაწილეობდნენ. გუნდები დაკომპლექტებული იყო მონაცემებთან მუშაობით დაინტერესებული პროგრამისტებით, ჟურნალისტებითა და დიზაინერებით საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, ბელორუსიდან და უკრაინიდან.  ჰაკათონში გამარჯვებული 3 გუნდი ფესტივალის დასკვნით ნაწილში გამოვლინდა. მათ შორის ერთ-ერთი გუნდი საქართველოდანაა. 

გამარჯვებულებს შორის არის ირაკლი ბარბაქაძე, რომელიც გენდერულ საკითხზე მომუშავე გუნდს წარმოადგენს. "გუნდს მოგვივიდა იდეა, შეგვექმნა საერთო ონლაინ პლატფორმა ქალი მეწარმეებისათვის, რომლის მთავარი მიზანია, ქალ მეწარმეებს მისცეს შესაძლებლობა, მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაცვალონ ინფორმაცია და პოტენციურ ქალ "სტარტაპერებს“ დაეხმარონ ბაზარზე შემოსვლასა და ბარიერების დაძლევაში." ირაკლის თქმით, პორტალი საჯაროდ ხელმისაწვდომი, ბიზნეს რეგისტრაციის მონაცემთა ბაზას ეფუძნება და ის იძლევა შესაძლებლობას, მარტივად შეგროვდეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხარისხიანი მონაცემები. "

ღონისძიების ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა არა მხოლოდ მოგვესმინა მონაცემთა დამუშავების „გურუების“ პრეზენტაციები, არამედ უშუალოდ მათგან მიგვეღო პრაქტიკული რჩევები მონაცემებთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ თემაზე," - აღნიშნა ირაკლიმ.

ფესტივალი ყოველწლიურია და 2018 წელსაც გაიმართება.