თანადაფინანსების გრანტების პროგრამა - მიიღე მონაწილეობა, შეცვალე მომავალი!

19 ნოემბერი 2018

2018 წლის 19 ნოემბერს,  19:00 საათზე ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამას უკვე მეორედ გამოაცხადებს. ღონისძიებას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბატონი გიორგი ქობულია. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გახსნას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, გასული რაუნდის გამარჯვებული სტარტაპერები და სხვა სტუმრები.

პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება-ათვისების  და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების  ერთ-ერთ ყველაზე  გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი  სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 00 44 82.