გამარჯვებული სტარტაპები 22 თებერვალს გამოვლინდებიან

28 იანვარი 2019

2018 წლის 28 დეკემბერს შეწყდა განაცხადების მიღება თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად. მიღებულია 135 განაცხადი.

თითოეული განაცხადი გადის შერჩევის სამ ეტაპს: 1. ტექნიკური შემოწმება; 2. განაცხადების წინასწარი შეფასება დარგის ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ; 3. საბოლოო შეფასება საინვესტიციო კომიტეტის მიერ. პირველი ორი ეტაპის გადალახვის შემდგომ მხოლოდ საუკეთესო პროექტების ავტორები შეძლებენ მოხვდნენ ფინალურ ღონისძიებაზე, სადაც კანდიდატები საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პირადად შეძლებენ პროექტების პრეზენტაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულია კრიტერიუმები თითოეული ეტაპისათვის, რაც საბოლოოდ მაქსიმალურად მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას განაპირობებს.

რაუნდის გამარჯვებულები 2019 წლის 22 თებერვალს გამოვლინდებიან. თითოეული მათგანი მიიღებს გრანტს 100 000 ლარის ფარგლებში საკუთარი სტარტაპის განსავითარებლად.

პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეული ეტაპის სტარტაპებს ან ფიზიკურ პირს თუ პირთა ჯგუფს რომელთაც გააჩნიათ ინოვაციური ბიზნეს იდეა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 00 44 82.