Bubblestack-ი და მისი გუნდის სამომავლო გეგმები

23 ნოემბერი 2017

Bubblestack-ი  სტარტაპ საქართველოს ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიაა მაღალტექნოლოგიური მიმართულებით. გუნდი მუშაობს ჰიდროფონიკულ სისტემაზე, რომელიც მცენარის ავტომატიზირებულ მოყვანას გულისხმობს. ამ სისტემის მართვა და მოსავლის მოყვანა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მათაც ვისაც სოფლის მეურნეობაში არავითარი გამოცდილება არ აქვს და მათაც ვისაც არ აქვს სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი მიწა, რადგან ჰიდროფონიკა ნიშნავს მცენარეების გაზრდას ნიადაგის გარეშე, წყლის თხელ ნაკადში, რომელიც მცენარეს საკვებ მინერალებს აწვდის. სისტემის განთავსება შესაძლებელია როგორც სათბურში, ასევე შენობაში.

„რაც სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულები გავხდით ბევრი ვისწავლეთ და უფრო სწრაფად, დავიწყეთ განვითარება. დღეს უკვე მივიღეთ პირველი მოსავალი, ჩვენმა შექმნილმა ავტომატიზაციამ გამართულად იმუშავა და ჩვენი ჩართულობა პროცესში იყო მინიმალური. მეთოდს უამრავი უპირატესობა გააჩნია. მიწაზე მოყვანასთან შედარებით: არ გვჭირდება არავითარი პესტიციდი, ვიყენებთ 90%-ით ნაკლებ წყალს, რადგან წყალი ცირკულირებს და არ იკარგება. მცენარეები იზრდება გაცილებით სწრაფად. მაგალითად, სალათის მოყვანა შესაძლებელია წელიწადში 14-ჯერ. ვერტიკალური დიზაინის წყალობით 120 კვადრატულ მეტრზე წელიწადში შესაძლებელია მოვიყვანოთ იმდენივე სალათა და მწვანილი, რაც მიწაზე 1 ჰექტრის შემთხვევაში მოვიდოდა“.

თებერვლიდან სტარტაპი თბილისში საჩვენებელი indoor farm-ის აშენებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს urban farming-ის განვითარებას და მოსავლის მოყვანა შესაძლებელი იქნება დიდ ქალაქებში, მოხმარების წერტილთან მაქსიმალურად ახლოს. მოსავალი დახლზე განთავსდება მოკრეფიდან რამდენიმე საათში, რაც მის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს.

გუნდს 19 წლიანი გამოცდილება აქვს IT-ში, 6 წლიანი - ავტომატიზაციაში, 5 წლიანი ბიზნეს დეველოპმენტში და 3 წელი ჰიდროფონიკის მიმართულებით (ასევე CEO-ს აქვს ბიოქიმიის ძალიან კარგი ცოდნა). 

Bubblestack-ის შესახებ ფოტო და ვიდეო ალბომი.