გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
ინოვაციების საზოგადოების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების კონკურსი
  • ID CE_3
  • ინოვაციების საზოგადოების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების კონკურსი
  • დაწყების თარიღი: 25 აგვისტო 2023
  • დასრულების დრო: 4 სექტემბერი 2023 23:59

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს ინოვაციების საზოგადოების განვითარების ღონისძიებების მხარდასაჭერად. კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პრაქტიკების, კავშირების და გამოცდილების გაზიარება - მეორე მხრივ კი, გლობალური ბაზრისთვის საქართველოს ეკოსისტემის შესაძლებლობების და მიღწევების გაცნობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს, რომელთა მთავარი საქმიანობაც ადგილობრივი ინოვაციების საზოგადოების გაძლიერება და მისი მხარდამჭერი აქტივობებია. არჩეული ორგანიზაციისგან/ორგანიზაციებისგან, სააგენტო შეისყიდის იმ კომპონენტის მომსახურებას, რომელშიც ორგანიზაცია მიიღებს გამარჯვებულის სტატუსს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 სექტემბერი.

კონკურსი ტარდება ორი მთავარი მიმართულებით, რომლებიდანაც სულ მცირე ერთ კომპონენტს უნდა აკმაყოფილებდეს ღონისძიების კონცეფცია:

  • ადგილობრივი ინოვაციური ეკოსისტემის გაცნობა საერთაშორისო ბაზრისთვის, კომპანიებთან პოტენციური თანამშრომლობების, სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოზიდვის/ახალი ქვეყნის ბაზარზე გასვლის და გამოცდილების გაზიარების მიზნით;
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი საზოგადოებისთვის - საერთაშორისო სპიკერების/მენტორების/ტექნოლოგიური კომპანიების/ინვესტორების საქართველოში ჩამოყვანა და  ღონისძიების ორგანიზება.

 

გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურა

საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს. შეფასების შემდეგ, კომისია იტოვებს უფლებას, ჯამური საკონკურსო ბიუჯეტი გაანაწილოს სულ მცირე ორ გამარჯვებულ ორგანიზაციაზე, მათ მიერ გადაწყვეტილი პროპორციით. 

სააპლიკაციო ფორმის შევსებით კი, ეთანხმებით, გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურას.

კონკურსის ეტაპები

  1. ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება, grants.gov.ge-ზე
  2. შუალედური შეფასება
  3. კომისიის წინაშე პრეზენტაცია
  4. გამარჯვებულის გამოვლენა
დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • ბრძანების დოკუმენტი