საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მესტიის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამა ცხადდება. პროგრამა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში და გულისხმობს მესტიის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში (ხაიში, იდლიანი, ჭუბერი, მესტია) ახალგაზრდების დაინტერესებას VR, AI, STEM და ტექნოლოგიური მეწარმეობის მიმართულებით. პროექტის განხორციელება იგეგმება 2023 წლის 7-10 სექტემბერს, ორ განსხვავებულ ლოკაციაზე - მესტია და ხაიში/ჭუბერი. სამუშაო შეხვედრებისა და პრაქტიკული სესიების სერიები ხელს შეუწყობს მონაწილეებში ტექნოლოგიების პოპულარიზაციას და მათ შორის ახალი ტექნოლოგიური სტარტაპერების აღმოჩენას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს მესტიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებიდან, ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებაში.
ტექნოლოგიური კვირეულის მთავარი მიზნებია:
- მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა
- მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, იდეების შემუშავებისა და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება
- მონაწილეებისთვის VR, AI ინდუსტრიისა და სტარტაპ ეკოსისტემაში მისი გამოყენების პერსპექტივების გაცნობა
- STEM-ის სწავლების მნიშვნელობა ახალგაზრდების განვითარებისთვის
- მესტიის მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში მცხოვრები ახალგაზრდა ინოვატორების აქტიურად ჩართვა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში, რეგიონული სტარტაპების ფორმირების/განვითარების გზით
- მუნიციპალიტეტში GITA-ში არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა; ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების მონაწილეობა სააგენტოს მიერ ინიცირებულ რეგიონულ საგრანტო პროგრამებში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 აგვისტო.